2023 წლის 29 აპრილს გასამართი შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის ცესკო და სწავლების ცენტრი სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო რესურსს ამზადებს.
საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მიღებულ სიახლეებზე საარჩევნო კომისიების წევრებისა და სხვა ჩართული მხარეების ინფორმირების ხელშეწყობის მიზნით შემუშავდა შესაბამისი სახელმძღვანელო ინსტრუქციები, რომელშიც პროფილურად განხილულია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე კენჭისყრის ჩატარების პროცედურები.
როგორც ცნობილია, ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების გამოყენებით კენჭისყრის ჩატარება გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ასევე მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებზე - 10 საარჩევნო ოლქში შექმნილ 117 საარჩევნო უბანზე. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე კი კენჭისყრა გაიმართება საქართველოს პარლამენტის შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის 4 საარჩევნო ოლქში შექმნილ 47 საარჩევნო უბანზე.
არჩევნების სახეობისა და პროცედურული სპეციფიკის შესაბამისად, ცესკოს და სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციები ხელმისაწვდომია ბმულებზე:
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნებისთვის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე N41 ახალციხის საარჩევნო ოლქში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელო ინსტრუქცია ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენაზე.
ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო პოსტერები და სხვა თვალსაჩინო მასალა ეტაპობრივად განთავსდება ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე, ელექტრონული ბიბლიოთეკის პლატფორმაზე.