საქართველოს პარლამენტის და საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრებმა ინტენსიური ტრენინგები გაიარეს
2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადების მიზნით ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში ჯამურად 421 სატრენინგო სესია ჩატარდა:
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის:
- 386 ტრენინგი (ექვსი ეტაპის ფარგლებში) - N20 რუსთავისა და N21 გარდაბნის საარჩევნო ოლქში შემავალი 117 საუბნო საარჩევნო კომისიის სწავლებაზე ორიენტირებით;
- 4 ტრენინგი (ერთი ეტაპის ფარგლებში) - N20 რუსთავისა და N21 გარდაბნის საარჩევნო ოლქში სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფად შექმნილი 4 სპეციალური ჯგუფის სწავლებაზე ორიენტირებით;
- 3 ტრენინგი (ერთი ეტაპის ფარგლებში) - N20 რუსთავის საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 3 საუბნო საარჩევნო კომისიის სწავლებაზე ორიენტირებით.
საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის:
- 28 ტრენინგი (ორი ეტაპის ფარგლებში) - N79 ბათუმის საარჩევნო ოლქში შემავალი 14 საუბნო საარჩევნო კომისიის სწავლებაზე ორიენტირებით(არჩევნებისთვის განახორციელებენ საპილოტე პროექტს ტექნოლოგიების გამოყენებით).
ტრენინგების კონცეფციის საფუძველზე, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება პროფილური პროგრამებით განხორციელდა. აქცენტი გაკეთდა ტრენინგების პრაქტიკულ მეთოდოლოგიაზე: პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით, საარჩევნო კომისიების წევრებმა კენჭისყრის დღისთვის შესასრულებელი ფუნქციები ეპიზოდური ინსცენირებების ფორმატში განახორციელეს; საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელმა პირებმა კი ასევე ინტენსიურად იმუშავეს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე. ტრენინგების ჩატარება სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა 25-მა ტრენერმა უზრუნველყო.
ტრენინგებზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დასწრების მონაცემების მიხედვით სტატისტიკა შემდეგია:
N20 რუსთავისა და N21 გარდაბნის საარჩევნო ოლქებში შემავალი 117 საუბნო საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ტრენინგებზე დაესწრო: |
I ეტაპი - 942 წევრი (48%); II ეტაპი - 326 წევრი (56%); III ეტაპი - 316 წევრი (34%); IV ეტაპი - 273 წევრი (78%); V ეტაპი - 825 წევრი (44%); VI ეტაპი - 218 წევრი (62%). |
N20 რუსთავისა და N21 გარდაბნის საარჩევნო ოლქებში სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფად შექმნილი 4 სპეციალური ჯგუფისთვის განკუთვნილ ტრენინგებზე დაესწრო: |
I ეტაპი - 36 წევრი (64%) |
N20 რუსთავის საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 3 საუბნო საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ტრენინგებზე დაესწრო: |
I ეტაპი - 30 წევრი (67%) |
N79 ბათუმის საარჩევნო ოლქში შემავალი 14 საუბნო საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ტრენინგებზე დაესწრო: |
I ეტაპი - 152 წევრი (66%); II ეტაპი - 198 წევრი (83%). |
ტრენინგები პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართა:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ყოველი სატრენინგო სესიის დაწყების წინ, ტრენინგების ჩატარების 25 ლოკაციაზე მონაწილეებს უტარდებოდათ სწრაფი ტესტი.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ინფორმირებისა და მათ მიერ საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის ხელშეწყობის მიზნებისთვის შემუშავდა:
- ელექტრონული სასწავლო პროგრამა „კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა“ (შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე დამატებითი პრაქტიკის მიზნებისთვის, პროგრამის გასავლელად საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის უზრუნველყოფილი იყო წვდომა კომპიუტერულ ტექნიკაზე საარჩევნო ოლქის შენობებში შესაბამისად გამოყოფილ სივრცეში. აღნიშნული რესურსი ცესკოს, სწავლების ცენტრის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით მომზადდა);
- სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო რესურსი (ინკლუზიური საარჩევნო გარემო ხელშეწყობის მიზნებისთვის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მაჟორიტარულ ოლქში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის შემუშავებული სასწავლო რესურსი, ასევე, ამომრჩევლებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო პოსტერი ითარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე).
2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის, ცესკოს სწავლების ცენტრმა საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის შეხვედრები გამართა N20 რუსთავის, N21 გარდაბნის და N79 ბათუმის საარჩევნო ოლქების კომისიების წევრებთან. დეტალურად იქნა განხილული მანდატის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები, მათ შორის, საუბნო საარჩევნო კომისიებთან კომუნიკაცია-კოორდინაციის საკითხები. N79 ბათუმის საარჩევნო ოლქის კომისიის წევრებს სწავლების ცენტრისა და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკის“ წარმომადგენლებმა დამატებით გააცნეს კენჭისყრის დღეს საპილოტე პროექტის ფარგლებში გამოსაყენებელი ელექტრონული ტექნოლოგიების (ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატი) ფუნქციონირების წესი.
საარჩევნო კომისიების წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული პროგრამები ეხმიანება სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და მიზნად ისახავს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების მუშაობის ეფექტიანობის ზრდას, ამომრჩევლებისა და ჩართული მხარეებისთვის შესაბამისი სერვისის გაუმჯობესებას.