საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 27 დეკემბერს დაიწყო საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგი, რომლის ჩატარებასაც უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის თანამშრომლები.
საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები, სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო კურსის ფარგლებში ეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:
- „ტრენერის გზამკვლევი“ - ტრენერის სახელმძღვანელოს პრინციპები და ეთიკის კოდექსი, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, აუდიტორიის მართვა, კონფლიქტების მართვა, დროის მენეჯმენტი, უკუგებისა და ცოდნის შეფასების მექანიზმები;
- საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების კონცეფცია - ტრენინგების სისტემა და ეტაპები, ტრენინგების მეთოდოლოგია, სასწავლო მასალები;
- ტრენინგების ადმინისტრირება;
- საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში;
- საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები;
- კენჭისყრის პროცესი (მათ შორის რეკომენდაციები კენჭისყრის შენობაში შშმპ ამომრჩევლებთან მოპყრობის შესახებ);
- საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება;
- კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.
მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ ტრენერები უზრუნველყოფენ N21 გარდაბნის საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ინტენსიური სასწავლო პროგრამების ჩატარებას.
საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგი ხორციელდება ქ. გარდაბანში, N21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიაში და გაგრძელდება 28 დეკემბრის ჩათვლით.