მიმდინარე წლის 9 – 12 სექტემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი მოლდოვაში, ქ. კიშინიოვში იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) რიგით 24-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში.
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია კონფერენციაზე პრეზენტაციით წარდგა თემაზე - „საარჩევნო ტრენინგების პროგრამების მიმოხილვა საქართველოში“. მან ქვეყანაში საარჩევნო კულტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა დაინტერესებული მხარეებისა და ამომრჩეველთა განათლების მიმართულებით, ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებულ სასწავლო პროგრამებზე.
სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა ACEEEO-ს მოწვევით უზრუნველყო საექსპერტო მომსახურება და კონფერენციის მონაწილეებისთვის ჩაატარა სპეციალური მიზნობრივი საპილოტე ტრენინგი თემაზე - „არჩევნებში ჩართული მხარეების ქცევის კოდექსი“. სესიის მიმდინარეობისას გაზიარებულ იქნა საარჩევნო სფეროში ტრენინგების ჩატარების სხვადასხვა მეთოდოლოგია. ღონისძიების ფარგლებში ACEEEO-ს 2015 წლის სექტემბრის N 11 პუბლიკაციისთვის ასევე მომზადდა და გამოქვეყნდა სწავლების ცენტრის დირექტორის სტატია "ახალგაზრდა ამომრჩეველთა პროექტი: გამოცდილების გაზიარება საქართველოში საარჩევნო პროცესში ახალგაზრდა ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით" (იხ. ბმული და პუბლიკაცია).
მოლდოვის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თავის გამოსვლაში საქართველოსა და მოლდოვაში მოქმედი სწავლების ცენტრების მნიშვნელობის შესახებ აღნიშნა.
ACEEEO-ს კონფერენცია, ორ მნიშვნელოვან თემას - არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის ტრენინგების მნიშვნელობას და ამომრჩევლთა ხმების თანასწორობას ეხებოდა. სამდღიანი ღონისძიება, საარჩევნო მოხელეთა ასოციაციამ მოლდოვის საარჩევნო ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით გამართა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ რუმინეთის, ალბანეთის, რუსეთის, სომხეთის, ლიტვის, ყირგიზეთის, ბულგარეთის, მაკედონიის, ყაზახეთის და ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები; მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის იყვნენ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), ევროპის საარჩევნო მხარდაჭერის ცენტრი, ეუთო/ოდირი, დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტი, მსოფლიოს საარჩევნო ადმინისტრაციების ასოციაციის წარმომადგენლები (A-WEB). კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ მოლდოვის სამთავრობო და საკანონმდებლო უწყებების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრები.