ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების შესახებ
2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით, სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ინტენსიური სასწავლო პროგრამის განხორციელებას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის.
ტრენინგების კასკადური მეთოდის შესაბამისად, სწავლების ცენტრის მიერ მომზადებულმა საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა 2014 წლის 14-16 მაისის პერიოდში, საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომის დაწყებამდე, კომისიის წევრებს ჩაუტარეს ინსტრუქტაჟი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების არჩევის წესსთან დაკავშირებით და გადასცეს აღნიშნულ საკითხთან მიმართებით სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო ხასიათის ინსტრუქციები (ე.წ. ”check list”).
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების შემდგომ ეტაპებზე ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული ტრენერები. ტრენინგების განხორციელების პერიოდი მოიცავს:
- 20-30 მაისს - ტრენინგი საუბნო საარჩევნო კომისიის 13 წევრისთვის
ტრენინგის ძირითადი თემატიკა მოიცავს საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობას კენჭისყრის დღემდე პერიოდში და კენჭისყრის დღეს. - 1-7 ივნისს - ტრენინგი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი)
ტრენინგის ძირითადი თემატიკა მოიცავს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებებს (მათ შორის, საარჩევნო დოკუმენტაციასთან მუშაობა, განცხადებები/საჩივრები, შემაჯამებელი ოქმები). - 2-13 ივნისს - კენჭისყრის დღის ეპიზოდური ინსცენირება
ტრენინგების ჩატარების კონკრეტული გრაფიკები განთავსდება ტრენინგების დაწყებამდე სწავლების ცენტრის ოფიციალურ ვებ. გვერდზე.
ტრენინგები ჩატარდება კომბინირებული მეთოდით, რომელიც მოიცავს ელექტრონულ სწავლებას (მათ შორის სასწავლო ხასიათის ფილმის ჩვენებას), პრაქტიკულ სწავლებას (მათ შორის პრაქტიკული სავარჯიშოები და როლური თამაშების ჩატარებას).
სასწავლო პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.