საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამოქალაქო საარჩევნო ცნობიერების განმტკიცებაზე ორიენტირებული პროექტები გრძელდება.
საერთაშორისო კარგი პრაქტიკის შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე, ცესკომ და სწავლების ცენტრმა განაახლა საჯარო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო-სასწავლო კურსი, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას საჯარო უწყებებში ადმინისტრაციული რესურსებისა და თანამდებობრივი/სამსახურებრივი მდგომარეობის არამართლზომიერად გამოყენების პრევენციის მიზნებისთვის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას.
საინფორმაციო-სასწავლო კურსი დისტანციურ ფორმატშია მომზადებული და განთავსებულია სწავლების ცენტრის ვებგვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სასწავლო პლატფორმაზე https://electiontraining.cec.gov.ge/. აღნიშნული რესურსი საჯარო მოსამსახურეებს, ასევე, სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, დროსა და სივრცეში შეუზღუდავად ანიჭებს თემატურ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობას. კურსში განხილულია შემდეგი ძირითადი მოდულები:
ელექტრონულ სასწავლო პროგრამაში ინტეგრირებული ტესტური დავალებების ბლოკი ქმნის თემატურ საარჩევნო საკითხებზე ცოდნის გადამოწმების დამატებით რესურსს. ტესტირების პროცესის წარმატებით გავლის შემდგომ მომხმარებელი იღებს ელექტრონულ სერტიფიკატს.
საჯარო მოსამსახურეების საინფორმაციო-სასწავლო პროგრამაში ჩართულობისა და სასწავლო რესურსის შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო უწყებებში, ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე, დაყვანის ხელშეწყობის მიზნით, ცესკო და სწავლების ცენტრი ნაყოფიერად თანამშრომლობს საჯარო სამსახურის ბიუროსთან და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასთან.
ცესკომ და სწავლების ცენტრმა საჯარო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო-სასწავლო პროექტი პირველად 2020 წელს ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით განახორციელა. საჯარო მოსამსახურეების მაღალი ინტერესის პირობებში, 2020-2021 წლებში პროგრამაში მონაწილეობა 30 000-მდე პირმა მიიღო.