2024 წლის 17 ივლისიდან საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება. პროცესის ორგანიზება-ჩატარებას სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) უზრუნველყოფს.
სერტიფიცირების გამოცდაზე რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.
რეგისტრაციის ვადა და წესი:
გამოცდაში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ დისტანციურად 24 საათიან რეჟიმში, 2024 წლის 8 ივლისის 10:00 საათიდან 14 ივლისის 24:00 საათამდე, ვებ-გვერდზე: https://registration.cec.gov.ge/ (ვებ-გვერდზე განთავსებულია რეგისტრაციის ინსტრუქცია).
რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მიმართონ გამოცდის სამდივნოებს, 2024 წლის 8 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა (გამოცდის სამდივნოების მისამართები მოცემულია ბმულზე). მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
მოქალაქეს გამოცდის ჩაბარება შეუძლია საქართველოს მასშტაბით გახსნილ 33 საგამოცდო ცენტრში: თბილისი (4 საგამოცდო ცენტრი), გურჯაანი, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, ბოლნისი, თეთრიწყარო, მცხეთა, დუშეთი, გორი, ბორჯომი, ახალციხე, საჩხერე, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, წყალტუბო, ქუთაისი, ამბროლაური, ცაგერი, სენაკი, ზუგდიდი, ხობი, ფოთი, მესტია, ოზურგეთი, ბათუმი, ქობულეთი, დაბა შუახევი, ხულო (საგამოცდო ცენტრების მისამართები და მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობა მოცემულია ბმულზე).
გამოცდაზე რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით მოქალაქეთა საყურადღებოდ:
გამოცხადებულ სერტიფიცირების გამოცდაზე რეგისტრაცია შესაძლებელია დასრულდეს შესაბამისი ვადების ამოწურვამდე, საგამოცდო ცენტრების მიხედვით გამოცდაზე მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობის შევსებისთანავე.
სერტიფიცირების გამოცდის ამ ეტაპზე რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს ნებისმიერ ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, მიუხედავად იმისა, უდასტურდება თუ არა მოქალაქეს გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების მომენტისთვის შემდეგი ინფორმაცია:
ა) მოქალაქე ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;
ბ) მოქალაქე ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი;
გ) მოქალაქე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;
დ) მოქალაქე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში.
სერტიფიცირების გამოცდის საჯაროობა:
გამოცდის მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების“ შესაბამისად უნდა აკმაყოფილებდნენ დამკვირვებელი ორგანიზაციებისათვის და დამკვირვებლებისთვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილ მოთხოვნებს.
გამოცდაზე აკრედიტაცია შესაძლებელია დისტანციურად: 24 საათიან რეჟიმში, 2024 წლის 8 ივლისის 10:00 საათიდან 14 ივლისის 24:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე centre@electionreforms.ge განაცხადის გაგზავნის ფორმით, ასევე, შესაბამის საგამოცდო ცენტრებში სამდივნოს მეშვეობით: 2024 წლის 8 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
სერტიფიცირების გამოცდის ჩატარების წესი:
სერტიფიცირების გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით.
საგამოცდო ტესტები უცვლელი ფორმით გამოიყენება სერტიფიცირების პროცესში. ტესტები ხელმისაწვდომია ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებ-გვერდებზე, შემდეგ ბმულზე: საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები.
სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების გაცნობის მიზნით ეწვიეთ ბმულს: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 61 21 11
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |