2024 წლის 28 ივნისიდან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება. პროცესის ორგანიზება-ჩატარებას სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) უზრუნველყოფს.
სერტიფიცირების გამოცდაზე რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.
რეგისტრაციის ვადა და წესი:
გამოცდაში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ დისტანციურად 24 საათიან რეჟიმში, 2024 წლის 19 ივნისის 10:00 საათიდან 25 ივნისის 24:00 საათამდე, ვებ-გვერდზე: https://registration.cec.gov.ge/ (ვებ-გვერდზე განთავსებულია რეგისტრაციის ინსტრუქცია).
რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მიმართონ გამოცდის სამდივნოებს, 2024 წლის 19 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა (გამოცდის სამდივნოების მისამართები მოცემულია ბმულზე). მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
გამოცდები 2024 წლის 28 ივნისიდან იწყება. მოქალაქეს გამოცდის ჩაბარება შეუძლია საქართველოს მასშტაბით გახსნილ 8 საგამოცდო ცენტრში: თელავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, თეთრიწყარო, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა (საგამოცდო ცენტრების მისამართები და მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობა მოცემულია ბმულზე).
გამოცდაზე რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით მოქალაქეთა საყურადღებოდ:
გამოცხადებულ სერტიფიცირების გამოცდაზე რეგისტრაცია შესაძლებელია დასრულდეს შესაბამისი ვადების ამოწურვამდე, საგამოცდო ცენტრების მიხედვით გამოცდაზე მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობის შევსებისთანავე.
ცესკოს 2023 წლის 21 მარტის N32/2023 დადგენილებით დამტკიცებული „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების“ მიხედვით, გამოცხადებული სერტიფიცირების გამოცდა არ ითვალისწინებს იმ მოქალაქეების რეგისტრაციას, რომლებსაც გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების მომენტისთვის უდასტურდებათ შემდეგი ინფორმაცია:
ა) მოქალაქე ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;
ბ) მოქალაქე ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი;
გ) მოქალაქე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;
დ) მოქალაქე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში.
სერტიფიცირების გამოცდის საჯაროობა:
გამოცდის მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების“ შესაბამისად უნდა აკმაყოფილებდნენ დამკვირვებელი ორგანიზაციებისათვის და დამკვირვებლებისთვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილ მოთხოვნებს.
გამოცდაზე აკრედიტაცია შესაძლებელია დისტანციურად: 24 საათიან რეჟიმში, 2024 წლის 19 ივნისის 10:00 საათიდან 25 ივნისის 24:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე centre@electionreforms.ge განაცხადის გაგზავნის ფორმით, ასევე, შესაბამის საგამოცდო ცენტრებში სამდივნოს მეშვეობით: 2024 წლის 19 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
სერტიფიცირების გამოცდის ჩატარების წესი:
სერტიფიცირების გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით.
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, სწავლების ცენტრმა საგამოცდო ტესტები თარგმნა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. გამოცდა ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდება და ნათარგმნი საგამოცდო ტესტები უცვლელი ფორმით გამოიყენება სერტიფიცირების პროცესში.
ტესტები ხელმისაწვდომია ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებ-გვერდებზე, შემდეგ ბმულებზე:
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 61 21 11
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |