2024 წლის 11 აპრილიდან საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება.
სწავლების ცენტრი სერტიფიცირების გამოცდების ჩატარებას 30 მუნიციპალიტეტში მოქმედ საგამოცდო ცენტრებში უზრუნველყოფს: თბილისი (4 საგამოცდო ცენტრი), გურჯაანი, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, ბოლნისი, თეთრიწყარო, მცხეთა, დუშეთი, გორი, ბორჯომი, ახალციხე, საჩხერე, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, წყალტუბო, ქუთაისი, ამბროლაური, ცაგერი, სენაკი, ზუგდიდი, ხობი, ფოთი, მესტია, ოზურგეთი, ბათუმი, ქობულეთი, შუახევი, ხულო.
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების სურვილი, რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, 5732-მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც, გამოცდაზე ჯამურად მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობის გათვალისწინებით 54%-ს შეადგენს (საგამოცდო ცენტრების მიხედვით რეგისტრირებულ გამოსაცდელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე).
სერტიფიცირების პროცესი პროფილურად შემუშავებული ტესტებით წარიმართება (გასაჯაროებული საკითხები გამოცდაზე უცვლელი ფორმით გამოიყენება).
გამოცდის ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ:
გამოსაცდელი სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ერთხელ, სარეგისტრაციო ბარათში მითითებული საგამოცდო ცენტრის მიხედვით, საგამოცდო თარიღისა და დროის დაცვით.
საგამოცდო დარბაზში დაშვების პროცედურის გავლის მიზნებისთვის, მოქალაქე საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე 10 წუთით ადრე, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
გამოცდის მიმდინარეობისას გამოსაცდელს ეკრძალება: საგამოცდო დარბაზის დატოვება; ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების, ჩანაწერების ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება; გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა; ტექნიკური საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონის შეტანა, გამოყენება.
გამოსაცდელი, რომელიც არ გამოცხადდება გამოცდაზე, დაგვიანებით გამოცხადდება, ან გამოცდის მიმდინარეობისას დაარღვევს დადგენილ წესებს მოიხსნება გამოცდიდან.
სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით.
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 61 21 11
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |