EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

საგრანტო კონკურსის მიზანი

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი 2013 წლის 18 მარტიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომელიც ითვალისწინებს აპლიკანტთა შეხედულებისამებრ შერჩეული საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის საარჩევნო გარემოს სიტუაციური ანალიზისათვის (ოლქების მიხედვით) განსახორციელებელი კვლევის პროექტების შერჩევა-დაფინანსებას.

კონკურსში წარმოდგენილი პროექტები უნდა განხორციელდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა მიმართულებით:

  • საარჩევნო გარემოს საერთო ანალიზი რეგიონში (საარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტების შესწავლა სხვადასხვა ნიშნით, მაგ., დემოგრაფია, აქტივობა და სხვ.)
  • არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევა რეგიონში (მაგ., საარჩევნო სფეროში სასწავლო პროგრამების განმახორციელებელი აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის გამოვლენა, მათ მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროცესში ამომრჩეველთა აქტივობისა და  გამოყენებული სასწავლო პროგრამების შესწავლა და სხვ.)
  • პარტიების რეგიონული განვითარების კვლევა (მაგ., პარტიის, მისი რეგიონული წარმომადგენლობების აქტივობის შესწავლა საარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდში; ამომრჩევლებთან კომუნიკაციის საშუალებები  და ფორმატი; პარტიის მონაწილეობა  ტრენინგებში ან სხვა მსგავს ღონისძიებებში და სხვ.)
  • მედიის კვლევა (მაგ., მედიის საარჩევნო აქტივობა, ამომრჩეველთა ინფორმირების ფორმატი და სხვ.)
  • საარჩევნო გარემოს პრობლემების კვლევა (მაგ., საარჩევნო პროცესზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და/ან ფინანსების არამართლზომიერი ხარჯვის ზეგავლენა, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ამომრჩეველთა მიმართ ზეწოლის ფაქტების შესწავლა/ანალიზი და სხვ.)

დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:

  • პროექტით გათვალისწინებული კვლევა უნდა მოიცავდეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდს
  • საგრანტო პროექტი უნდა განხორციელდეს საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში (გარდა თბილისისა)
  • კონკურსში წარმოდგენილი პროექტები უნდა შეიცავდეს მკაფიო ინფორმაციას კვლევის ჩასატარებლად შერჩეული მეთოდოლოგიის შესახებ

საგრანტო თემატიკა:

 ”საარჩევნო გარემოს რეგიონული კვლევა”

საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:

არაუმეტეს 20 000 ლარისა

ხანგრძლივობა:

2013  წლის  15 აპრილიდან  - 2013 წლის 15 ივნისამდე

ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:

კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:

ა)  განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად (დანართი #1 შესაბამისად); 

ბ)  საგრანტო პროექტის აღწერა და დასაბუთება  (დანართი #2 შესაბამისად); 

გ)  პროექტის დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი (დანართი #3 შესაბამისად); 

დ)  პროექტის ერთგვერდიანი რეზიუმე;

ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  რეესტრიდან (2013 წლის მდგომარეობით) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება, დებულება ან სხვა);

ვ) სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს წარმოდგენილ საგრანტო  პროექტს.

საგრანტო კონკურსის გრაფიკი:

  • კონკურსის გამოცხადება - 18 მარტი, 2013 წელი 
  • საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადა - 19 მარტიდან  პირველი აპრილის ჩათვლით, 2013 წელი 
  • პროექტების განხილვა - 8 - 9 აპრილი, 2013 წელი  
  • კონკურსის შედეგები - 10 აპრილი, 2013 წელი
  • ხელშეკრულებების გაფორმება - 11 - 12 აპრილი, 2013 წელი

საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს წერილობითი და ელექტრონული ფორმით (CD), 2013 წლის 19 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით, 10:00-17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), მისამართზე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  მე-13 კილომეტრი

შენიშვნა:

არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება

განმხილველი ორგანო:

საგრანტო პროექტების კონკურსის მიზნებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს საკონკურსო კომისია პროექტების წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაუსწრებლად.

კომისია უფლებამოსილია საგრანტო პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვოს პროექტის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში შესაბამისი ინფორმაცია წერილობით წარუდგინოს კომისიას.

საკონკურსო კომისიის მიერ საგრანტო პროექტების შეფასება მოხდება დანართში მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად

შენიშვნა: 

კონკურსანტებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით, ინფორმაცია შერჩეული პროექტის/პროექტების შესახებ აგრეთვე განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე:  www.electionreforms.ge

საკონტაქტო პირი: ნათია შარაშიძე - 591 19 55 29