EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციის შესახებ

2022 წლის 19 თებერვლიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის ხელშეწყობის მიზნით.

სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი).

გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2022 წლის 7 თებერვლის 10:00 საათიდან 16 თებერვლის ჩათვლით, 24:00 საათამდე, დისტანციურად, ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: http://registration.cec.gov.ge/

გამოცდაზე დისტანციურად, ელექტრონული ფორმით, რეგისტრაციის ინსტრუქცია:

  • გამოცდის ჩაბარების მსურველი ავსებს ელექტრონული განაცხადის ველებს - პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიხედვით) და გვარი;
  • ამის შემდეგ ავტომატურად ივსება ელექტრონული განაცხადის შემდეგი ველები - სახელი, დაბადების თარიღი, სქესი და მისამართი;
  • სასურველია გამოცდის ჩაბარების მსურველმა ასევე შეავსოს საკონტაქტო ინფორმაციის ველები - ტელეფონი და ელ-ფოსტა;
  • გამოცდის ჩაბარების მსურველი შეხედულებისამებრ ნიშნავს პერსონალური მონაცემების გაცემაზე თანხმობის ველს (თანხმობის საფუძველზე, გამოცდის ჩაბარების მსურველის მიერ სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, პერსონალური მონაცემები (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, სქესი, მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა) გაიცემა საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებსა და ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებზე, ასეთი ინფორმაციის სწავლების ცენტრიდან წერილობით გამოთხოვის შემთხვევაში);
  • გამოცდის ჩაბარების მსურველი რეგისტრაციისას შეხედულებისამებრ არჩევს გამოცდაზე გამოცხადების თარიღსა და დროს (საათი).

შევსებული ელექტრონული განაცხადის გაგზავნისთანავე გამოცდის ჩაბარების მსურველი ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად იღებს შეტყობინებას რეგისტრაციის დადასტურების შესახებ (გამოცდაზე გამოცხადების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით).

რეგისტრაციის მიზნით მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს, 2022 წლის 7 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N138 (ცესკოს შენობა), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის ჩათვლით. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად გამოცდის ჩაბარების მსურველმა უნდა წარადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტირებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აკრედიტაციის მიზნით, დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განცხადებით უნდა მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს, 2022 წლის 7 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N138 (ცესკოს შენობა), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის ჩათვლით. საგამოცდო დარბაზში დაიშვება არა უმეტეს სამი დამკვირვებლისა (ერთი და იმავე ორგანიზაციიდან საგამოცდო დარბაზში დაიშვება მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აკრედიტაცია გაიარა მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ). აკრედიტირებული დამკვირვებლების რაოდენობის გათვალისწინებით, ჩატარდება წილისყრა საგამოცდო დარბაზში დამკვირვებლების დაშვების რიგითობის განსაზღვრის მიზნით.

სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N138 (ცესკოს შენობა). გამოსაცდელი სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ერთხელ, სარეგისტრაციო ბარათში მითითებული თარიღისა და დროის დაცვით (საგამოცდო ცენტრში გამოცხადება უნდა მოხდეს გამოცდის დაწყების დრომდე 10 წუთით ადრე). გამოსაცდელი, რომელიც არ გამოცხადდება გამოცდაზე ან დაგვიანებით გამოცხადდება, მოიხსნება გამოცდიდან. გამოსაცდელმა    სასერტიფიკაციო    გამოცდაზე    გამოცხადებისას    თან    უნდა    იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი, რომელიც მოიცავს:

  • საქართველოს კონსტიტუციიდან – 6 კითხვას;
  • საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” – 15 კითხვას;
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტიდან – 1 კითხვას;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტიდან – 1 კითხვას;
  • ზოგადი უნარებიდან (მათემატიკური ნაწილი) – 5 კითხვას;
  • ზოგადი უნარებიდან (ვერბალური ნაწილი) – 2 კითხვას.

ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი.

სასერტიფიკაციო გამოცდაზე უცვლელად გამოიყენება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული ტესტები (მათემატიკური ტესტების ნაწილში, გამოცდის ჩატარებისას იცვლება რიცხვითი მონაცემები).

გამოცდის მიმდინარეობისას დაცული იქნება პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია. პრევენციული ზომებიდან გამომდინარე, გამოცდის ჩაბარების მსურველი, ასევე დამკვირვებელი  გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს სამედიცინო პირბადით.

გამოცდის ტესტები

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11 (17)